ლექსები
პოეტი
მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.
დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;
ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული...
მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
დაკარგული ედემი
ვის უნახავს ის ედემი შლილი,
სადაც ისე ტკბილ არ არის ძილი,
როგორც ტკბილია გამოღვიძება;
სადაც ბუნების თავისუფლება
მონებას, როგორც უხმო ყვედრება,
ცოცხალ ფშვენითა უყენებს თვალსა;
სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხსა
იმ თვით ედემში თვისი ედემი?
ვის უნახავს ის, სამშობლო ჩემი?..
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment